ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, მამლუქ ამირ ალ-ტაზის ისტორიულ სასახლეში (Amir Taz Palace) ქართული დამწერლობის ნიმუშების, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული და არაბული ხელნაწერების ფოტო-გამოფენა მიმდინარეობს. ასევე, ცენტრის ხელნაწერი კოლექციების გვერდით წარმოდგენილია ოთხი ახალგაზრდა კალიგრაფის: დავით მაისურაძის, გიორგი სისაურის, ოთარ მჭედლიშვილისა და ალექსანდრე მამუკაშვილის კალიგრაფიული ნამუშევრები.
პროექტის მიზანია ქართულ-ეგვიპტური ურთიერთობების განვითარება, ეგვიპტელებისთვის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული და უცხოური (არაბული) ხელნაწერი მემკვიდრეობისა და ქართული დამწერლობის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.
ღონისძიება განხორციელდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, კაიროში საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით.
გამოფენა მამლუქ ამირ ალ-ტაზის ისტორიულ სასახლეში 7 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენის მეორე ეტაპი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში გაიმართება.