ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის მერის ადგურ ხარაზიას თქმით, ქალაქის ადმინისტრაციაში განიხილება სპეციალური პროგრამა, რომელიც მოჰაჯირების (ყოფილი რუსთაველის) სანაპიროსა და აიააირას (ყოფილი მშვიდობის) პროსპექტის რეკონსტრუქციას ეხება.
,,პროექტის მიხედვით, ერთი წლის ვადაში, მთლიანად უნდა შევუცვალოთ სახე მოჰაჯირების სანაპიროს და გადავაქციოთ ის სტუმრებისა და აგდილობრივთათვის კომფორტულ და საყვარელ დასვენების ადგილად. მანამდე, საახალწლოდ დავამონტაჟებთ განათების დროებით სისტემას, შემდეგში კი ძირითადი სისტემაც დამონტაჟდება", - განაცხადა ადგურ ხარაზიამ.
მის თქმით, სამომავლოდ ყოფილი რუსთაველის სანაპირო ზოლზე მთელი პლიაჟის, პარკებისა და საბავშვო მოედნების ინფრასტრუქტურის მოდერნიზება იგეგმება.
რაც შეეხება ყოფილ მშვიდობის პროსპექტს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ სახელი გადაარქვეს და აიააირას (გამარჯვების) პროსპექტად იწოდება, ამჟამად მისი რემონტი მიმდინარეობს და იცვლება ტროტუარის ფილაქანი.
სოხუმის მერის განცხადებით, მთლიანი სამუშაოების დასრულების შემდეგ, პროსპექტი ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტება და ის სოხუმის არბატად გადაიქცევა.
შეგახსენებთ, რომ 1992-93 წლების შემდეგ, სოხუმის ქუჩების უმეტესობას ძველი სახელწოდებები ახლით შეუცვალეს. თავდაპირველად, ,,აიააირას" ანუ გამარჯვების ქუჩად გადაკეთდა ყოფილი კიროვის ქუჩა.
ვლადისლავ არძინბას გარდაცვალების შემდეგ კი კიროვის ქუჩას კიდევ ერთხელ შეუცვალეს სახელი, მას არძინბას პროსპექტი, ხოლო მშვიდობის პროსპექტს აიიააირას პროესპექტი დაარქვეს.