უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლე ქრისტინე სვანაძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ემაყება ისეთი მეუღლე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაზე გმირის სახელი დაეტოვებინა.
,,ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაზე გმირის სახელი დაეტოვებინა. ის არა მარტო ჩემი გმირია, როგორც მეუღლე არამედ არის მთელი ერის გმირი. ძალიან უბედური და ძალიან ამაყი ვარ, რომ მყავს ასეთი მეუღლე", _განაცხადა ქრისტინე სვანაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა. ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მებრძოლი დაიღუპა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა. უკრაინაში პრო-რუსი სეპარატისტების იერიშის შედეგად გარდაცვლილი ალექსანდრე გრიგოლაშვილის ცხედარი თბილისში წუხელ ჩამოასვენეს. თვითმფრინავი ერევნიდან 8:20 საათზე ჩამოფრინდა. ცხედარს გრიგოლაშვილის უკრაინელი თანამებრძოლი ჩამოჰყვა. ქართველი მებრძოლს აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. ცხედარი ქუთაისში ალექსანდრე გრიგოლაშვილის სახლში გადაასვენეს. ის საპატრულო ესკორტმა გააცილა. თბილისის აეროპორტში გარდაცვლილი მებრძოლის დასახვედრად, ოჯახსა და მეგობრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და უკრაინის კონსული მივიდნენ. აეროპორტში შეიკრიბნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. მინისტრის მოადგილის თქმით, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.