დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში „კიბერუსაფრთხოება, როგორც ერთიანი პასუხისმგებლობა საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები" გაიმართა.
ტრენინგი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის კიბერუსაფრთხოების თემაზე თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა გახსნა. სემინარის მონაწილეებს - სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის სტრატეგიული დონის ხელმძღვანელ პირებს სიტყვით კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელმა, სვეინ ამუნდსენმა მიმართეს. მათ საქართველოში კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებასა და ამ კუთხით, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ერთობლივ ძალისხმევაზე გაამახვილეს ყურადღება.
სემინარის მონაწილეებმა კიბერუსაფრთხოების ბიუროს ფუნქცია-მოვალეობებისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს. მოგვიანებით, მათ მომხსენებლებთან ერთად კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებსა და სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
სემინარი თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები