საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის საერთაშორისო მისიაში გამგზავრებისთვის მზადაა. დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართველი სამხედროები სამების საკათედრო ტაძარში დალოცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და ასევე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე.
ქართველმა სამხედროებმა საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა" და „ჰამელბურგის" სამხედრო ბაზებზე, 5-თვიანი სწავლება რამდენიმე ეტაპად გაიარეს. ჯარისკაცებს, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდათ. გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.