ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასულე ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და სამშვიდობო მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა. „ეს მისია აახლოვებს საქართველოს ევროკავშირთან და ევროპულ ქვეყნებთან. ჩვენი დანაყოფი ევროპელ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ იცავს მშვიდობას და სტაბილურობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რაც კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი კონტრიბუციისა გლობალური უსაფრთხოების სისტემაში. ამ მისიის მანდატი შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურებით გრძელდება წლის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი დადგენილი წესით მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი თვით გაახანგრძლივოს ეს მანდატი" - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ქართული ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ. ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადას ასევე ესტუმრნენ, საფრანგეთის ელჩი რენო სალინსი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი და ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის ატაშეები.
ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა იოსებმა დალოცა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას ცენტარლური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში 4 თვის განმავლობაში შეასრულებენ. მისია სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მდგომარეობის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ისინი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას მოახდენენ. 23-ე ბატალიონი როტაციის წესით ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულს ჩაანაცვლებს.
23-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის სამხედროებს საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვთ მიღებული. დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეებმა ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარებაში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში ორჯერ მიიღეს მონაწილეობა. ევროკავშირის მისიისთვის კი დამატებითი მომზადება მათ მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სენაკში გაიარეს. გადასროლისწინა სწავლება პატრულირებას, საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას, ბაზის დაცვასა და სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.