საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 109 კვალიფიციური სერჟანტი შეემატა. დღეს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ორი სასწავლო კურსი დასრულდა. ძირითადი სასწავლო - ათეულის მეთაურის და ოცეულის სერჟანტის - შუალედური კურსების დასრულების საზეიმო ცერემონიალი დაბა კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გოჩა რატიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბისა და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მსმენელებს კურსის დამთავრება მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემაც. გოჩა რატიანმა მათ თავდაცვის მინისტრის მილოცვა გადასცა და ქვეყნის ღირსეული მსახური უსურვა.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გენერალური შტაბის უფროსმა და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გადასცეს. მსმენელები სერჟანტთა მომზადების ცენტრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ დალოცა. დღესვე, კურსდამთავრებულებმა სერჟანტთა მომზადების ცენტრის ტაძარს წმინდა გიორგის ხატი შესწირეს.
ღონისძიების ფარგლებში, გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლისა და სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურის ბრძანებების საფუძველზე, ცენტრის მუდმივი შემადგენლობის ნაწილს წამახალისებელი მადლობა გამოეცხადა.
ოთხთვიანი ძირითადი სასწავლო კურსი (ათეულის მეთაურის) 75 სამხედრო მოსამსახურემ, ხოლო სამთვიანი ოცეულის სერჟანტის (შუალედური) კურსი 34 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. კურსების განმავლობაში, მათ ძირითადი სასწავლო თემები, სამწყობრო მომზადება, საცეცხლე მომზადება, ტაქტიკური მომზადება, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო ვარჯიშები და საბრძოლო მომზადების ორგანიზება შეისწავლეს. მომზადება დაბა კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობდა.
დღეიდან კურსდამთავრებულები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.