სააქციო საზოგადოება ,,აზერბაიჯანის რკინიგზამ" მსოფლიოს აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, საახალწლოდ, 31 დეკემბერს, შესაძლოა საქართველოში მარშრუტით: ბაქო-თბილისი-ბაქო ტურისტული მატარებელი გამოუშვას.
ამის შესახებ ,,აზერბაიჯანის რკინიგზის" პრეს-სამსახურის უფროსმა ნადირ აზმამედოვმა განაცხდა.
საახალწლო დღესასწაულების და მსოფლიოს აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღის აღსანიშნავად აზერბაიჯანში უქმე დღეები გამოცხადდება (5 დღე) და ნადირ აზმამედოვის თქმით, ვარაუდობენ, რომ ამ დღეებში საქართველოს მიმართულებით მგზავრთა რაოდენობა იმატებს. მათი შეუფერხებელი გადაადგილებისთვის ტურისტული მატარებლის გასაშვებად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
,,ტურისტული კომპანიების ინფორმაციიდან გამომდინარე, საახალწლოდ, საქართველოს მიმართულებით მგზავრთა დიდი ნაკადს ველოდებით, რის გამოც ტურისტულ შემადგენლობაზე საუბარი დავიწყეთ.
საბოლოო გადაწყვეტილებას გამგზავრების მსურველთა რაოდენობის დაზუსტების შემდეგ მივიღებთ." - აღნიშნა აზმამეოდვმა.
მისი თქმით, მოთხოვნის მიხედვით, ბაქოდან თბილისისკენ ტურისტული მატარებელი შეიძლება 29 ან 30 დეკემბერს გამოუშვან. თბილისიდან კი იგივე შემადგენლობა 2-3 იანვარს გაემგზავრება უკან.