გროზნოში სპეცოპერაცია დამასრულებელ ფაზაში გადავიდა. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა 7 ამბოხებულის ლიკვიდაცია შეძლეს, სპეცოპერაცია კი სავარაუდოდ რამდენიმე წუთში დასრულდება. სროლის ხმა გროზნოს ცენტრალურ რაიონში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. შეტაკება პოლიციელებსა და ამბოხებულებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ რაიონში საეჭვო პირები გააჩერა. ამბოხებულებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 3 პოლიციელი დაიღუპა. ამის შემდეგ ამბოხებულები სტამბაში გამაგრდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათ 10-მდე ადამიანი ჰყავდათ მძევლად აყვანილი. როგორც მოგვიანებით ჩეჩნეთის პრეზიდენტმა განაცხადა, დილისთვის შენობიდან მძევლების უვნებლად გამოყვანა მოხერხდა. ჩეჩნეთის დედაქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები