საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, მინდია ჯანელიძემ საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმარმა მინდია ჯანელიძეს უნგრეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მისალოცი წერილი გადასცა. მხარეებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის თემასაც:
„დღეს ახლადდანიშნულ თავდაცვის მინისტრს პირველად ვესტუმრე. მას უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მილოცვის წერილი გადავეცი. მეც ვუერთდები ამ მილოცვას. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ვისაუბრეთ. ძალიან მალე მომავალი წლის თანამშრომლობის გეგმასაც გავაფორმებთ. უნგრეთი საქართველოს ნატოს სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის მიმართულებების იმპლემენტაციაში მუდამ მხარს დაუჭერს. მსურს, ქართველი ოფიცრები ბუდაპეშტში, სხვადასხვა კურსზე, მათ შორის, ენის სასწავლო კურსზე მივიწვიო. მივესალმებით უნგრეთის მხარის მონაწილეობას ერთობლივ სამხედრო წვრთნებში", განაცხადა უნგრელმა დიპლომატმა.
შანდორ საბომ იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში უნგრეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ეწვევა.