საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს შეხვდა. მინდია ჯანელიძემ ტოივო კლაარს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისია საქართველოში საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთ მექანიზმად რჩება. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსაჯელეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და მომავალ საფრთხეებზე. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას.
„თავდაცვის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გქვონდა. მე მას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადე. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან. შეხვედრაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზეც. მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ საქართველოს კურსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების გზაზე უცვლელია. შევეხეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას, ასევე ე. წ. ხელშეკრულებას აფხაზეთსა და რუსეთს შორის, უკრაინის სიტუაციასა და ამ ფაქტორების გავლენას რეგიონზე. მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შორის არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება" - განაცხადა EUMM-ის ხელმძღვანელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.