საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. მინდია ჯანელიძემ გენერალი პატრიკ დე რუზიე თავდაცვის სამინისტროში მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმატებით ხორციელდება და ქართული მხარე მზადაა რეფორმების პროცესი უფრო ინტენსიური გახდეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა. გენერალმა პატრიკ დე რუზიემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედროების მიერ მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მნიშვნელობა საქართველოში, რომელიც ამ ეტაპზე საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.
ევროკავშირის უმაღლესი სამხედრო პირი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. გენერალმა პატრიკ დე რუზიემ უკვე გამართა შეხვედრა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის დელეგაციამ გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.
ვიზიტის დასასრულს, ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრება. ინფრასტრუქტურის გაცნობის შემდეგ, გენერალი რუზიე აკადემიის მსმენელებისთვის ლექციას წაიკითხავს თემაზე: „ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები და მომავალი".
მასალის გამოყენების პირობები