საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პატრიკ დე რუზიე იმყოფება. ევროკავშირის სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალური შტაბის ეზოში გაიმართა. სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ ევროკავშირისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
ოფიციალური მიღების შემდეგ, სამხედრო მაღალჩინოსნებმა გენერალური შტაბის საკონფერენციო დარბაზში გამართეს შეხვედრა. მხარეებმა საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებითა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებით დაიწყეს. ყურადღება ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე გამახვილდა.
შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ევროკავშირის სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, სადაც ქართველი ჯარისკაცები მნიშვნელოვან საბრძოლო გამოცდილებას იღებენ და წვლილი შეაქვთ გლობალურ უსაფრთხოებაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერლებმა საუბრის შედეგები შეაჯამეს. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მომიწვია. თქვენს ქვეყანაში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის - მადამ მოგერინის სამხედრო მრჩევლის სტატუსით ვიმყოფები. ორი კვირის წინ ევროპის 28 ქვეყნის თავდაცვის ხელმძღვანელებს შევხვდი და ვაცნობე, რომ საქართველოში ვაპირებდი ვიზიტს. ყველა მათგანის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ასრულებენ მისიას. მადამ მოგერინის სახელით, მსურს დავადასტურო ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შევხვდები, რაც საშუალებას მოგვცემს არსებული გამოწვევების შესახებ ერთმანეთს ჩვენი ხედვა გავუზიაროთ. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროში. მოხარულები ვართ, რომ ქართული კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიაში მონაწილეობს და მზად არის საერთაშორისო ოპერაციაში გააგრძელოს კონტრიბუცია. ბანგიში ყოფნისას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შევხვდი. ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, პოლიტიკოსები, გაეროს წარმომადგენლები ქართველი სამხედროების წვლილს აფასებენ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიწოდებას უზრუნველყოფენ. ეს ძალიან ეხმარება ცენტარლური აფრიკის რესპუბლიკას სიტუაციის დასტაბილურებაში. მსურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მათი კონტრიბუციისთვის მადლობა გადავუხადო" - აღნიშნა გენერალმა პატრიკ დე რუზიემ.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალები მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის ახორციელებს. დღეს შეუძლებელია ვილაპარაკოთ რომელიმე რეგიონალურ პრობლემაზე, ვინაიდან ყველა რეგიონალური პრობლემა ხდება გლობალური. ამდენად, ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობებს სამხედრო მიმართულებითაც" - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.