საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ეწვია. გენერალ პატრიკ დე რუზიეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი დახვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.
ხვალ, ევროკავშირის უმაღლეს სამხედრო პირს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გენერალური შტაბის ეზოში გაიმართება. მოგვიანებით გენერალ რუზიეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მიიღებს. მხარეები საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.
ვიზიტის დასასრულს, ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრება. ინფრასტრუქტურის გაცნობის შემდეგ, გენერალი რუზიე აკადემიის მსმენელებისთვის ლექციას წაიკითხავს თემაზე: „ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები და მომავალი".