რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებულმა მორიგმა ხელშეკრულებამ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის შესაძლებლობა კიდევ უფრო შეამცირა.
ასე გამოეხმაურა რუსული და აფხაზური მხარის განცხადებებს, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, სომხეთის პარლამენტის დეპუტატი უმრავლესობიდან, რესპუბლიკური პარტიის წევრი და ორგანიზაცია ,,ჯავახკის" თავმჯდომარე შირაკ ტოროსიანი.
,,საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვის, სოჭში დადებული ხელშეკრულება კი ამ გზაზე სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების აღშფოთება, სრულიად ბუნებრივია და ეს აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის შესაძლებლობას ამცირებს." - აღნიშნა მან.
სომეხი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ რკინიგზის აღდგენის შანსები კი შემცირდა, მაგრამ არ გამქრალა, ვინაიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა წინა წლებთან შედარებით პოზიტივისკენ შეიცვალა.
,,მიუხედავად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებული კონფლიქტისა, გამორიცხული არაა მოსკოვსა და თბილისს შორის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკება მაინც შედგეს." - განაცხადა შირაკ ტოროსიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოჭში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასა და აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის ამუშავებაზე ილაპარაკა.