ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა მომავალი წლისთვის სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას გეგმავს, ამის შესახებ დღეს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გამართულ სამთავრობოთაშორისო კომისიის მორიგ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ განაცხადა.
სხდომაზე იმსჯელეს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამაზე, რომელიც აფხაზეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური ობიექტების რეკონსტრუქცია-მშენებლობას ითვალისწინებს.
,,ჩვენ გვინდა, მომავალ წელს სოხუმის აეროპორტი ავამოქმედოთ. ამითვის საჭიროა მისი სრული რეკონსტრუქცია. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების კეთილმოწყობა და დისპეჩერიზაცია სახელმწიფოს პრეროგატივაში დარჩება, დანარჩენი სამუშაოები კი რუსულ კომერციულ სტრუქტურებს გადაცემა." - აღნიშნა ბუთბამ.
მისი თქმით, დღეისთვის მიმდინარეობს ისეთი კომპანიების მოძიება, რომლებიც სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუციას სათავეში ჩაუდგება.
ბუთბას თქმით, აფხაზეთის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა, რომელიც მათ სატრანზიტო ქვეყანად აქცევს.
,,გვაქვს იმედი და ვმუშაობთ იმაზე, რომ აფხაზეთი სატრანზიტო ქვეყანად გადავაქციოთ, რუსეთიდან საქართველოს გავლით ტვირთი სომხეთში გადავზიდოთ და ასევე აფხაზეთიდან საქართველოს გავლით - რუსეთში." - განაცხადა ბესლან ბუთბამ.