საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს სომეხმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა იური ხაჩატუროვმა უმასპინძლა. მიღების ოფიციალური ცერემონიალი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
შეიარაღებული ძალების უფროსებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის სამხედრო უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობა თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სომხეთის თავდაცვის მინისტრთან სეირან ოჰანიანთანაც გამართა შეხვედრა. მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების დელეგაციამ, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ხელმძღვანელობით, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სამხედრო ინსტიტუტიც მოინახულა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.