ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა კენეტ მაკენზიმ მოინახულა.
ამერიკელი გენერალი საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის შტაბს ესტუმრა და ქვედანაყოფის საქმიანობას გაეცნო. ბატალიონის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტი ქართველ სამხედროებს პირადად შეხვდა და ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები მაღალ დონეზე არიან მომზადებულნი და აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად ეფექტურად მოქმედებენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ბატალიონის ამოცანას საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.