საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. მინისტრთან ერთად რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდნენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.
ამჟამად, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაშავებული 7 სამხედრო მოსამსახურე, ოჯახის წევრებთან ერთად, რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს გადის. თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და ბავშვებს საჩუქრები გადასცა. ჯარისკაცების მონახულების შემდეგ, მინდია ჯანელიძე კომპლექსის საცხოვრებელ პირობებსა და ინფრასტრუქტურას პირადად გაეცნო.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს საშუალება, რომ სრულყოფილად მოახდინონ რესოციალიზაცია. საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ფსიქოლოგიური დახმარებაც გაეწევათ. ჩვენ გვჭირდება, რომ ჯარში დავიბრუნოთ სრულყოფილი, სრულფასოვანი ჯარისკაცები, ოფიცრები, სერჟანტები. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. პროექტი კიდევ უფრო გაღრმავდება და უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.
წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ათდღიან რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს გადიან. სამხედრო მოსამსახურეებისთვის კეთილმოწყობილია ორი შენობა. კომპლექსში დაშავებული ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენების კომფორტული პირობებია შექმნილი. ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილია რეაბილიტაციის კურსისათვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი და კეთილმოწყობილი სასადილო.
სამხედროები, ოჯახის წევრებთან ერთად, ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მათ ასევე, ემსახურებიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. პერსონალი სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს 24 საათიან სადღეღამისო სამედიცინო მომსახურებას უწევს. საჭიროების შემთხვევაში ხდება საჭირო პროფილის ექიმის ადგილზე გამოძახება.
რეაბილიტაციის ცენტრი წეროვანის პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაშია განთავსებული, რომელიც თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თვის წინ გადმოეცა. ცენტრმა ფუნქციონირება 9 იანვარს დაიწყო და ამჟამად, უკვე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მერვე ნაკადს მასპინძლობს. მანამდე ცენტრში რეაბილიტაციისა და დასვენების კურსი 54-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.
პროცესი პერმანენტული ხასიათისაა და ყველა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრზე გავრცელდება. 2015 წლიდან ტერიტორიაზე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.