გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსი ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.
სერჟანტებს რიგით მეხუთე სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მიულოცა და შვიდ წარჩინებულ კურსდამთავრებულს სწავლების დამთავრების შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. სერჟანტთა სკოლა დაამთავრა რამოდენიმე ათეულმა კურსდამთავრებულმა, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო ნაწილში გააგრძელებენ თავიანთ სამსახურს. სამინისტროს და გენერალური შტაბის მხრიდან ისინი ყოველთვის იქნებიან მხარდაჭერილები. ზოგადად, სერჟანტთა მომზადების სკოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარისთვის უმცროსი ოფიცრების მომზადების თვალსაზრისით" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.
სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ თავდაცვის მინისტრს ცენტრის ლოგო უსახსოვრა.
სერჟანტებს სამხედრო კარიერული წინსვლა უსურვეს და სერთიფიკატები გადასცეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ბაჯელიძემ და შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესო ხატიაშვილმა.
კურსის გამოშვების ცერემონიალის დასასრულს, შეიარაღებული ძალების კაპელანმა, მამა გიორგიმ პირადი შემადგენლობა დალოცა.
ცერემონიალს ესწრებოდნენ 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძისა და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები.
სამეთაურო-საშტაბო კურსი საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების 27-მა სერჟანტმა გაიარა. სწავლება 4 აგვისტოს დაიწყო და 15 კვირა გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები