საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა. ორთვინ ჰენინგი თავდაცვის სამინისტროში გერმანიის სამხედრო ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ ბერნარდ ჰოპთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. თავდაცვის მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისა და შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მინდია ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„გერმანულ მხარესთან ორი ძირითადი მიმართულებით ვითანამშრომლებთ. პირველი, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდა და ურთიერთობა ამ მიმართულებით. ხოლო, მეორეს მხრივ, მუშაობა ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების კუთხით. შევთანხმდით, რომ ამ თემაზე გვექნება სამუშაო რეჟიმი და მუდმივი კონსულტაციები. იმედი გვაქვს, რომ ამ ურთიერთობებს ჩვენი უწყების ინტერესებისთვის გამოვიყენებთ" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოხატა გერმანიის ელჩმაც. „თავდაცვის ახალ მინისტრთან ძალიან მეგობრული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ. შეხვედრაზე ჩვენ საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. აღვნიშნე, რომ თავდაცვის სამინისტროს გუნდთან კარგი თანამშრომლობა გვქონდა. მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება" - განაცხადა ორთვინ ჰენინგმა.
მასალის გამოყენების პირობები