დღეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი" სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2014" დაიწყო.
გახსნის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და გენერალური შტაბის სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სწავლების მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ სიტყვით მიმართა და მათ წარმატება უსურვა. თავდაცვის მინისტრმა სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „მსგავსი სწავლებები და წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამგვარი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების დროს იხვეწება ურთიერთქმედების და კოორდინაციის მექანიზმები სხვადასხვა საჯარისო შენაერთებს შორის. გარდა ამისა სწავლება ტარდება, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში და შესაბამისად კავშირგაბმულობის ელემენტიც დაიხვეწება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის ხარვეზი რაც 2008 წლის ომის დროს გვქონდა და მიზანმიმართულად ვეცადოთ ამ ხარვეზების აღმოფხვრას. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ყველა მონაწილე განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ სწავლებას და მეტი მიიღოთ მისგან. მე მინდა მადლობა გადავუხადო სწავლებაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მომავალში ჩვენ გვინდა, რომ სხვა სამინისტროებიც იყოს ჩართული სწავლებაში, რადგან მასშტაბური კრიზისების დროს ჯართან ერთად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამთავრობო უწყებების კორდინირებული მოქმედება" - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ცერემონიალზე პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროს და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.
„დიდგორი 2014" სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მთავარი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება.
სწავლების სცენარი რეალურთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს, თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, მოდელირებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განხორციელდება. საბრძოლო მოქმედებების გათამაშების მოდელირებას სიმულაციური სისტემა „JCATS" უზრუნველყოფს.
„დიდგორი 2014" სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო დანაყოფებიც. წლევანდელ წვრთნებში პირველად ღებულობს მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შესაბამისი დეპარტამენტები.
სწავლება „დიდგორი 2014" ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში", ვაზიანსა და სენაკში 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები