საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მინდია ჯანელიძემ თავდაცვის უწყებაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ იანოშ ჰერმანს უმასპინძლა.
საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები იყო. მხარეები მომავალში ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ევროკავშირთან მარტში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გამახვილდა.
„ევროკავშირის ელჩთან ნაყოფიერი საუბარი შედგა. ვისაუბრეთ, როგორც განვლილ პერიოდზე, განვლილ თანამშრომლობაზე, ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე. მათი მხრიდან სრული მზადყოფნაა იმისათვის, რომ თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას გამოადგება" - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
შეხვედრაზე იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისიო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მნიშვნელობა აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
"თანამდებობაზე ახალი დანიშნული ვარ. საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოვედი და მთავრობის წარმომადგენლებს, მინისტრებს ვეცნობი. დღეს თავდაცვის სამინისტროს ვესტუმრე. ევროკავშირს საქართველოსთან სხვადასხვა სფეროებში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ყველამ ვიცით, რომ გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოსთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. ეს ჩარჩო ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. ძალიან ვაფასებთ ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას. სწორედ ეს იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემაც. მინისტრს ვუთხარი, რომ ევროკავშირი ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში - ცენტრალურ აფრიკასა და მალიში. იმედი მაქვს ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მოკლედ შევეხეთ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საქმიანობასაც. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მონიტორინგის მისიას დიდი როლი აკისრია ხელი შეუწყოს კრიზისების მშვიდობიანი გზით მოგვარებას"- განაცხადა იანოშ ჰერმანმა
მასალის გამოყენების პირობები