საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 21 წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიალი დღეს, ვაზიანში ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული არტილერისტების მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და I საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ თაბუკაშვილმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.
არტილერისტებს ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა: "დღეს, გახლავთ პირველი საარტილერიო ბრიგადის დაბადების დღე - 21 წლისთავი. მოვედით იმისთვის, რომ ჩვენი საამაყო არტილერისტებისთვის ეს დღე მოგველოცა. არტილერიის როლი განსაკუთრებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ჩვენი არტილერისტები ყოველთვის იდგნენ ქვეყნის სადარაჯოზე, ყველა იმ კონფლიქტში, რაც ჩვენს ქვეყანაში ყოფილა. მივულოცეთ ასევე ახალწვეულებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, ემზადებიან ფიცის მისაღებად. დავათვალიერეთ ნაწილობრივ ის შეიარაღება, რაც საარტილერიო ბრიგადას გააჩნია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება - პრიორიტეტი, ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების, იქნება არტილერია და საარტილერიო დანაყოფები, რაზეც ჩვენ აქტიურად ვიზრუნებთ".
დღესვე, თავდაცვის მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით I საარტილერიო ბრიგადის ხუთი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შვიდ არტილერისტს მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული" გადასცა. სამხედრო მოსამსახურეებმა ჯილდო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მიიღეს.
თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის არტილერისტებმა „გენერალ კვინიტაძისა" და "I ხარისხის" მედლებიც მიიღეს. წახალისების მიზნით, გენერალური შტაბის უფროსის, სახმელეთო ჯარების სარდლისა და მეთაურის მადლობები I საარტილერიო ბრიგადის 37 სამხედრო მოსამსახურეს გამოეცხადა.
ღონისძიების დასასრულს თავდაცვის მინისტრმა სპეციალურად ამ დღისთვის გამოფენილი სხვადასხვა სახის საარტილერიო ტექნიკა დაათვალიერა და ბრიგადის იუბილეზე მისულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გაესაუბრა.