საქართველოს მთავრობა დაიშალა და მისი ყველაზე პოპულარული პროდასავლური პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან წავიდა
"ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ ვრცელი სტატიის შემოკლებულ შინაარსს:
თავისი წინამორბედი მიხეილ სააკაშვილის ნოვატორული, მაგრამ იმავდროულად დესპოტური რეჟიმისაგან განსხვავებით, რომელიც დასავლეთს თავს აწონებდა, მაგრამ სიღარიბესა და უმუშევრობას არ ებრძოდა, ქართული ოცნება" ბოლო ორი წლის განმავლობაში უფრო დემოკრატიულად და სოციალურად მზრუნველ ხელისუფლების სახეს წარმოადგენდა, მაგრამ კოალიციის კეთილშობილებას საფრთხე ემუქრება.
„ქართული ოცნების" შიდა ბრძოლები მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან კოალიცია იყო შექმნილი უპირატესად ერთი მიზნისთვის - ხელისუფლებისაგან „ერთიანი ნაცმოძრაობის" ჩამოშორებისათვის.
40 წლის ირაკლი ალასანია კოალიციის წამყვანი ფიგურა იყო, რომელიც თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის წინამორბედმა - ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა. მისი პარტია „თავისუფალი დემოკრატები", რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად, კოალიციის რეფორმისტულ ავანგარდს წარმოადგენდა. თვით „ქართული ოცნება" ივანიშვილის მიერაა შექმნილი, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან გასაძევებლად. ოლიგარქმა, ერთი წლის პრემიერ-მინისტრად მუშაობის შემდეგ, კულისებიდან მოქმედება არჩია და თავის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრად თავისი ყოფილი თანამშრომელი, 32 წლის ირაკლი ღარიბაშვილი დანიშნა. „ქართული ოცნება ჯერ კიდევ ერთგულია საქართველოში პოპულარული პროდასავლური კურსისა, თუმცა იმავდროულად რუსეთთანაც ფრთხილ ურთიერთობებს ამყარებს.
ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება თავდაცვის სამინისტროში გამოვლენილმა დარღვევებმა და ამის საფუძველზე 10 თანამშრომლის წინააღმდეგ წაყენებულმა ბრალდებებმა დააჩქარა. ალასანიამ განაცხადა, რომ ეს ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული და ისინი თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგაა მიმართული. პასუხად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანიას განცხადებას „აბსულუტურად უპასუხისმგებლო" უწოდა... დაიწყო მინისტრების გადადგომები, განცხადებები, საპასუხო კომენტარები... როცა ირაკლი ალასანიამ კოალიციის დატოვების შესახებ გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა მისი მოქმედება „ღალატად' და „ავანტიურიზმად" შეაფასა...
უცხოელმა დამკვირვებლებმა მომხდარი ფაქტები სწრაფად ახსნეს „ქართული ოცნების" პრორუსული გადახრებით, ხოლო თვითონ ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა დაპატიმრება „ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზე თავდასხმად" შეაფასა.. ასეთმა შეფასებამ ირაკლი ღარიბაშვილი გააღიზიანა, რადგან იგი საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობისა ხელშეკრულების ღია მხარდამჭერად ითვლება.
ჯერ კიდევ ბევრი დეტალია უცნობი იმ საქმეში, რომელსაც ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. შესაძლოა, მართლაც იყო კორუფციის ფაქტები, რადგან საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც ძლიერია კორუფციის გადმონაშთები და კლიენტელიზმის ტრადიციები. მიუხედავად იმისა, რომ თვით ირაკლი ალასანიას კარგი და წესიერი კაცის რეპუტაცია აქვს, დარღვევების არსებობა გამორიცხული არ არის. ასე რომ, ამ საქმის მიმართ საკმაო ეჭვები არსებობს. ეს ყველაფერი კი თავდაცვის სამინისტროსადმი ნდობას ამცირებს, რომელიც მმართველობის გამჭვირვალობით ამაყობდა, ახლა გამოდის, რომ სინამდვილეში თურმე კორუფციის კერა ყოფილა.
ამასთან, ბევრს კითხვები უჩნდება... გამოძიების საფუძველი რომც ყოფილიყო, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ „ჯერ დაპატიმრება, შემდეგ კი შეკითხვების დასმა"? ასეთი მოქმედება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის პრინციპს გვახსენებს...
ირაკლი ალასანია პოპულარული ჩინოვნიკია, მისი რეიტინგი სხვა მინისტრებზე მაღალია, იგი პოპულარობით თვით ირაკლი ღარიბაშვილსაც კი უსწრებს. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი წელია დარჩენილი და ალბათ, არაა გამორიცხული, რომ „თავისუფალი დემოკრატები" და რესპუბლიკელები ცალკე გუნდს ჩამოაყალიბებენ და ისე მიიღებენ მონაწილეობას 2016 წლის არჩევნებში იმ იმედით, რომ საქართველოს რეფორმისტული კურსი შენარჩუნებული იქნება.
ჯერ-ჯერობით კი პარლამენტში „ქართული ოცნება" უმრავლესობას ინარჩუნებს („თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემდეგაც კი), მაგრამ თუ რესპუბლიკელებიც ამას გადაწყვეტენ, მაშინ მთავრობას ნამდვილი კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.
რესპუბლიკელებმა და „თავისუფალმა დემოკრატებმა" მთავრობის დამხობა რომ მოისურვონ, მათ შეუძლიათ ამ მიზნით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სოლიდარულად იმოქმედონ, მაგრამ ეს მათი პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება: ირაკლი ღარიბაშვილს „ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობა" ბევრი ქართველის თვალში პოლიტიკურად ნეგატიურ, გამოუსწორებელ პარტიას წარმოადგენს. ასეთ არაპოპულარულ პარტიასთან გარიგება ალასანიასა და უსუფაშვილის დისკრედიტაცია იქნება, რომელთა პოპულარობა დამოკიდებულია „სამართლიანობის აღდგენისათვის" ბრძოლაზე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების მიმართ (მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, რომელიც დღეს ბრუკლინში ცხოვრობს და დაპატიმრებას გაურბის).
ერთადერთი შესაძლებლობა „თავისუფალი დემოკრატებისა" და რესპუბლიკელთათვის, ალბათ, ის იქნებოდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო, კონსტიტუციის მოთხოვნებისამებრ: პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაითხოვოს პარლამენტი უნდობლობის ვოტუმის საფუძვლით, მაგრამ ესეც არ იქნებოდა კარგი გამოსავალი, თუ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების" პოპულარობას და იმ ფაქტს, რომ არსებობენ პრორუსული კონსერვატიული პარტიები. თუმცა ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ალასანია-უსუფაშვილისათვის იმავდროულად წარმატების გარკვეული პოტენციალიც არსებობს: ორი წლის წინანდელი სიტუაციისაგან განსხვავებით, დღეს ამ ორ პოპულარულ პოლიტიკოსს (ღარიბაშვილი მესამე ადგილზეა) შეუძლია წარმატებული კამპანია აწარმოოს.
კოალიცია „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ერთი მთავარი მისიით მოვიდა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დასამხობად. იმისთვის, რომ კოალიციას სახელმწიფო რეფორმების გზით ემართა, აუცილებელი იყო მის ევროატლანტიკურ არჩევანს მებრძოლი უნარი მისცემოდა, რაც ახლა ეჭვქვეშ დგას. მთავრობაში მყოფი რეფორმატორების შესაძლებლობა არჩევნების მოსაგებად ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუ მათ მართლაც სჯერათ, რომ ქვეყნის მომავლის საკითხი რისკის ქვეშაა, მათ შესაძლოა სხვა არჩევანი აღარ ჰქონდეთ. საქართველოს რეფორმები შეიძლება ამაზე იყოს დამოკიდებული .
ავტორი: . .