მოსწავლეებმა ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს. საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის „წერილები ჯარისკაცებს" მეოთხე ეტაპის დასკვნითი ღონისძიება თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საქართველოს მასშტაბით 26 საჯარო სკოლიდან შეგროვებული 1400 წერილი ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებს გაეგზავნებათ. წერილების ავტორები მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები არიან. ყველაზე მეტი წერილი თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში შეგროვდა. შესაბამისად, დასკვნითი ღონისძიებაც ამ სკოლაში შედგა. „წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს წერენ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. საპასუხო წერილებს ბავშვებს ჯარისკაცებიც უგზავნიან. პროექტის მიზანი, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.