სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების კონფერენცია მიმდინარეობს. საერთაშორისო ფორუმზე სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას განიხილავენ.
კონფერენცია ევროპის მეკავშირე ძალების (SHAPE) სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა მარკ ლეითიმ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა გახსნეს. მათ უსაფრთხოების სექტორში რეგიონალური და ეროვნული პოლიტიკის განხორციელებისას სტრატეგიული კომუნიკაციის გავლენაზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგება. კონფერენცია პარლამენტის კომიტეტებისა და სხვადასხვა სამინისტროს სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისთვისაა გამიზნული. ფორუმის განმავლობაში ისინი რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკას, ახალი უსაფრთხოების გარემოში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციისა და ამ მიმართულებით დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას განიხილავენ.
მეორე ნაწილი - სემინარი კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში" ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კურსს სხვადასხვა უწყების პოლიტიკასა და კომუნიკაციების დაგეგმვაზე მომუშავე სპეციალისტები დაესწრებიან. სემინარის მომხსენებლები სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან.
კონფერენცია ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწის ცენტრის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით პირველად იმართება.