დღეს თავდაცვის სამინისტრომ წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცეს ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები ან ასლები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, როგორც გრიფი ,,საიდუმლოს" მიმნიჭებელმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ დოკუმენტზე გრიფი ,,საიდუმლოს" მოხსნის თაობაზე. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა ამოღებული დოკუმენტაციის დედნები ან ასლები, რათა თავის მხრივ თავდაცვის სამინისტრომ მიმართოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, დოკუმენტების განსაიდუმლების პროცედურების დადებითად გადაწყვეტის მიზნით.
საქართველოს კანონის თანახმად, საიდუმლო გრიფს ხსნის მიმნიჭებელი უწყება, რომელსაც ამ პროცედურისთვის თავის მხრივ ესაჭიროება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვასთან დაკავშირებული მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ოფიციალური წერილი 29 ოქტომბერს გაუგზავნა. 31 ოქტომბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა შესაბამისი მასალების წარმოდგენა მოითხოვა. აღნიშნული მასალები კი ამ დრომდე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია.
თავდაცვის სამინისტროს არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია პოზიცია თითქოს საიდუმლო გრიფი ამ მასალებს პროკურატურამ მიანიჭა და მით უმეტეს არ განუცხადებია, რომ გრიფს საგამოძიებო უწყება განზრახ არ ხსნის.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.