თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში,პირველი კომენტარი გააკეთა.
ალასანია საკუთარი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია, რადგან მისი თქმით, შესყიდვების პროცესი კანონთან სრულ შესაბამისობაში მიმდინარეობდა.
„მთავარი, ახლა რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ყველა და საზოგადოება, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას ჭირდება რა თქმა უნდა, გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების და ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, რადგან, ბუნებრივია, მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესებსაც და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. თუმცა, რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი და მთელი თავდაცვის სამინისტრო მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება.
ჩემთვის, რაზეც ახლა ვარ კონცენტრირებული, გავერკვე საქმის ვითარებაში, ყველა დეტალი შევისწავლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბიჭებმა თავი იგრძნონ დაცულად, სამართლებრივად და ამიტომ, მე რა თქმა უნდა, მთელს ყურადღებას გადავიტან იქითკენ, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად. სამწუხაროდ, ამის ელემენტები და წინაპირობები უკვე ჩანს, ისე წარიმართა პროცესი, დახურულად.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას უკვე ამ საქმეს, იმიტომ რომ უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. აქედან გამომდინარე, იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ საიდუმლო ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ, სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება ღიად და გახსნილად წარიმართოს", -განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთში სამუშაო და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ირაკლი ალასანია საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა.
თავდაცვის მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ.