საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გერმანელ კოლეგას, ურსულა ფონ დერ ლიაიენს შეხვდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით პირველად ესტუმრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გერმანიის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო 2015 წლიდან, ავღანეთში, „გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი მონაწილეობის საკითხს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანელ კოლეგას საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში გერმანიის მხარდაჭერის საკითხზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარებაზე. "საქართველო-გერმანიის ურთიერთობები სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ძალიან ინტენსიური ხდება. თავდაცვის მინისტრთან განვიხილეთ ის წვრთნები, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში გაგზავნის წინ გაიარეს და შეფასებები ყველა მხრიდან, სამხედროების მხრიდანაც, არის უმაღლესი. მათი საბრძოლო მზადყოფნა არის ძალიან მაღალი და გააგრძელებენ 2015 წელს გერმანელებთან ერთად საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას. ამასთან ერთად, ორმხრივ ჭრილში ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რასაც მისცემს გერმანული მხარე ქართულ შეიარაღებულ ძალებს საგანმანათლებლო კუთხით, თუ როგორ გაიზარდოს ის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სრულ სამხედრო თავსებადობას ნატოსთან და გერმანიასთან. ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პაკეტზე და მე მივიღე დარწმუნება გერმანიის თავდაცვის მინისტრისგან, რომ გერმანიას ექნება წამყვანი როლი ამ პაკეტის იმპლემენტაციაში, რაც არის სამომავლოდ ჩვენი ნატოში გაწევრიანების საფუძველი."
ირაკლი ალასანია გერმანიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა უკვე მოინახულა ქართული ქვედანაყოფი, რომელიც ვილდფლეკენის სამხედრო ბაზაზე ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის ემზადება. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ოპერაციების სარდლობასაც ესტუმრა და ოპერაციების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტს, ჰანს ვერნერ ფრიცს შეხვდა.
ხვალ დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა კოერბერის ფონდში. ირაკლი ალასანია მოხსენებით წარდგება თემაზე: „რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილების მნიშვნელობა." ღონისძიებას გერმანიის პოლიტიკური წრეების, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები დაესწრებიან.