თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორცილებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. სამინისტროში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომ შესყიდვების სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. სატენდერო კომისიის სხდომებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები. თავდაცვის სამინისტრო მიერთებულია ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივას. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ექსპერტებმა 2013 წელს სამინისტროს ანტიკორუფციული რეფორმები დადებითად შეაფასეს და წარმატებული გამოცდილების გაზიარება ნატოს პარტნიორი სახელმწიფოებისთვის ითხოვეს.
გასული წლებისგან განსხვავებით ფარული შესყიდვების პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული და წელს საერთო შესყიდვების 16 პროცენტს შეადგენს, მაშინ, როდესაც 2012 წელს შესყიდვების 74 პროცენტი საიდუმლო წესით ხორციელდებოდა.
საიდუმლო შესყიდვების შემთხვევებშიც კი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს კანონით აქვს უფლება მხოლოდ ერთ კომპანიასთან აწარმოოს მოლაპარაკება, ხორცილდება ფასთა გამოკითხვა. ასე მოხდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დროს, როდესაც სახელმწიფო საიდუმლო დაშვების მქონე ყველა კომპანიას დაეგზავნა განაცხადი, რათა წარმოედგინათ საკუთარი შემოთავაზება.
ამ კონკრეტულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი ადევს. საზოგადოების მაღალი ინტერსის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით მოეხსნას გრიფი აღნიშნულ შესყიდვას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას გააგრძელოს ინტენსიური თანამშრობლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან.