საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, საფრანგეთში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. კონფერენცია წელს 31-ედ ტარდება და მას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ-ლე დრიანი მასპინძლობს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კვლევითი ინსტიტუტი (IHEDN) და სტრატეგიული კვლევების ცენტრი (CSDR).
ფორუმის მთავარი თემებია ყირიმში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევები და კიბერუსაფრთოების საკითხები.
დაგეგმილია ირაკლი ალასანიას კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა. პანელის თემა, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ კრიზისს და რუსეთის ფაქტორს ეხება. ირაკლი ალასანიას საუბრის თემას „ევროპის დაცვა რუსეთის სამხედრო ავანტიურისგან" წარმოადგენს. გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი განიხილავს უსაფრთხოების ცვალებად გარემოს და რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებს, ასევე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მიღებულ გამოცდილებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე.
კონფერენციაში მონაწილეობენ ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, მთავრობის ხელმძღვანელი პირები, სამხედრო მაღალჩინოსნები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, აკადემიური წრეების და სამრეწველო სფეროს წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია სამუშაო შეხვედრას გამართავს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან ჟან-ივ-ლე დრიანთან. ასევე, დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრები.