თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართავს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან განმარტა ამის მიზეზი არის ის რომ 28 ოქტომბერს იგი საქართველოში არ იქნება მსგავსად სხვა მინისტრებისა რომლებიც უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან.
,,უშიშროების საბჭოს სხდომის დრო იქნება გადასახედი, რადგან საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოში არ ვიქნებით. მე გერმანიაში მაქვს ვიზიტი, ამიტომ მივმართეთ პრეზიდენტს, რომ განიხილოს დროის შეცვლის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა ფორმატი, მათ შორის უშიშროების საბჭოს ფორმატიც უნდა შედგეს იმ გამოწვევებზე სწორად საპასუხოდ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
28 ოქტომბრის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ჩარჩო-დოკუმენტის საკითხზე იმსჯელებენ, პრეზიდენტი მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს იწვევს.ამის შესახებ, განცხადება უშიშროების საბჭის მდივანმა ირინა იმერლიშვილმა იაპონიაში ვიზიტისას გააკეთა.
მისი განცხადებით, საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის სახელით მიწვევა პაატა ზაქარეიშვილს და ალექსი პეტრიაშვილს გადაეგზავნათ.
საკანონმდებლო ორგანოდან პრეზიდენტი კი უშიშროების საბჭოს სხდომაზე სამი კომიტეტის ხელმძღვანელს იწვევს.
უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება ირაკლი ალასანიაც. იმერლიშვილის ინფორმაციით, სხდომაზე თავდაცვის მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომის წევრებს მოხსენებით მიმართავს.
28 ოქტომბრის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ჩარჩო-დოკუმენტია. ქართული მხარე რუსეთის ამ ქმედებას საქართველოს ტერიტორიის ანექსიად აფასებს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ვალდებულია სხდომას დაესწროს, 28 ოქტომბერს სხდომას დაესწრება თუ არა, ჯერ უცნობია.
უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები