საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი იმყოფება. დღეს, ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უელსის სამიტის შემდეგ საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებს და იმ ნაბიჯებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადადგას, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.
შეხვედრას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი დაესწრნენ. ქართულ მხარეს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება. ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს და მათ კითხვებს უპასუხებს.
ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (SHAPE) უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოდან დღეს გაემგზავრება.