„თბილისი არ მიიღებს კრემლის „დიქტატს" და შესაბამისად, გააგრძელებს დასავლეთთან და ნატოსთან ურთიერთობას, ნებას მისცემს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს ტერიტორიაზე საწრთვნელი ცენტრი განალაგოს", - განაცხადა იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში ომი ჰქონდა წერს „როიტერი".
ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთის ჯარები საქართველოს სეპარატისტულ ავტონომიებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგდნენ, რომელთა „დამოუკიდებლობა" მხოლოდ მოსკოვმა და ოკეანეში ჩაკარგულმა ორიოდე ჯუჯა კუნძულოვანმა ქვეყანამ აღიარა. თბილისს ამჟამად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
საქართველოს ახალმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში ორი წლის წინათ მოვიდა, გარკვეული ძალისხმევა მიმართა რუსეთთან ურთიერეთობის დარეგულირების მიზნით. ამ ფონზე მოსკოვმა გააუქმა წინა წლებში გამოცხადებული ემბარგო საქართველოს ექსპორტის მნიშვნელოვან პროდუქციაზე - ღვინოზე, მინერალურ წყალზე და ა.შ. ამასთან, რუსეთი ძველებურად უკმაყოფილოა საქართველოს პროდასავლური კურსით, მით უმეტეს, რომ რამდენიმე თვის წინ ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, პარალელურად კი ნატოში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვის..
„რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილება აუცილებელია. საქართველოს სტაბილურობა ჭირდება" - განუცხადა „როიტერს" თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, - მაგრამ ჩვენ არასდროს რუსეთისადმი თაყვანისცემას არ დავიწყებთ, რუსეთის დიქტატს არ დავემორჩილებით".
აპრილში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „როიტერთან" საუბარში განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია რუსეთის ინტერვენციით უკრაინაში, რის გამოც საქართველო თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს სიმპათიები უკრაინის მხარეზეა: „ჩვენ გვსურს წარმატებული უკრაინა ვიხილოთ და ამ თვალსაზრისით რუსეთის მოქმედებას რეგიონისთვის საფრთხის შემცველად განვიხილავთ", - ამბობს ირაკლი ალასანია.
რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე ახალი ხელშეკრულების სავარაუდო დადების კომენტირებისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუშლის იმ მცირე პოზიტიური ძვრებს, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში შეიმჩნევა". მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯებით მოსკოვი ცდილობს, რომ საქართველო აიძულოს უკვე არჩეული კურსიდან გადაუხვიოს: „მაგრამ თავისუფლება და დემოკრატია ეს ის პრინციპებია, რომლებზეც ვაჭრობა უადგილოა. ჩვენ უკვე ავირჩიეთ, რომ გვსურს ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი ვიყოთ. ჩვენი მომავალი ნატოში და ევროკავშირშია", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კვლავაც გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დასავლეთთან ინტეგრაციის და კერძოდ, ნატოში გაწევრიანების მიზნით.
2008 წელს ნატომ საქართველოს თავის რიგებში მიღება აღუთქვა, მაგრამ რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ ალიანსში განწყობა შეცვალა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ უკრაინის მოვლენებმა ეს საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში. ნატოს უელსის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული თანამშრომლობა უნდა განვითარდეს.
ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება, არმიის რეფორმასა და ერთობლივი სწავლებების ჩატარებასთან ერთად, საქართველოში ნატოს საწრთვნელი ცენტრის დაარსებაა: „ამ ცენტრის მართვა საქართველოსა და ნატოს მხრიდან ერთობლივად განხორციელდება და ის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ფაქტორი გახდება", - ხაზი გაუსვა 40 წლის მინისტრმა, რომელმაც ეს თანამდებობა ორი წლის დაიკავა. მისი განმარტებით, ცენტრი საქართველოს საკუთრებაში იქნება, მაგრამ დაგეგმვა-დაფინასება ერთად განხორციელდება.
გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნატოს მრჩევლები საქართველოს ლოჯისტიკის ცენტრის შექმნაშიც დაეხმარებიან, ერთობლივი წრთვნების ჩატარების კოორდინირების მიზნით. ალიანსის ქვეყნების მაღალჩინოსანი ოფიცრები ქართული არმიის გენერალურ შტაბშიც იმუშავებენ. ირაკლი ალასანიამ დაამატა, რომ საქართველოს უკვე დიდი გამოცდილება აქვს მიღებული ნატოს ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილებით და მზადაა დაეხმაროს ერაყის შეიარაღებულ ძალებს რეფორმების გატარების საკითხში.
მასალის გამოყენების პირობები