დღეს, სერჟანტთა სამეთაურო ტრენინგები ოფიციალურად დასრულდა. სწავლება სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. სერჟანტებს ტრენინგების დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა.
სერჟანტთა სამეთაურო კურსი სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ასეულის, ბატალიონის, ბრიგადისა და ბრიგადის შტაბის 84-მა სერჟანტმა 3 დღის განმავლობაში გაიარა. სწავლების მთავარი თემა საბრძოლო მომზადების დროს, სერჟანტების როლისა და პასუხისმგებლობის გაზრდა იყო. პროგრამა ლიდერის უნარჩვევების განვითარებას და ფიზიკური მომზადების ახალი სტანდარტების დანერგვასაც ითვალისწინებდა. ტრენინგებზე დასავლეთ სარდლობის ბატალიონისა და ბრიგადის მეთაურებიც იყვნენ მიწვეულნი. მათ სამხედრო მოსამსახურეებს ლიდერის თვისებებზე ლექციები ჩაუტარეს. სწავლების დროს, სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობის მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა ხელმძღვანელობას მომავლის ხედვა გააცნო.
დღესვე, ტრენინგის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?" გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები