საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის ხომალდ Mount Whitny-ზე გამართულ მიღებას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ამერიკული ხომალდის შემოსვლა საქართველოში,ხაზს უსვამს აშშ-ის მიერ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ურყევ მხარდაჭერას, რასაც საქართველო აფასებს და მიესალმება.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს. ქართველი ხალხი დიდად აფასებს აშშ-ის უდიდეს წვლილს და არსებით დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს მომენტებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერი განსაკუთრებით მიესალმა ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრს, წარმოშობით ქართველ ოფიცერს, გივი ტიბანელს და განაცხადა, რომ საქართველო ამაყობს ასეთი შვილებით.
მთავრობის მეთაურს ამერიკულ ხომალდზე გემის კაპიტანმა და აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა უმასპინძლეს. შესრულდა საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები.
ამერიკული ხომალდი ბათუმის ნავსადგურში 14 ოქტომბერს შემოვიდა. Mount Whitny საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მესამედ იმყოფება.