ENG / RUS       12+

არჩილ გეგეშიძე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ: დისკუსია კატონის ინსტიტუტის ფორუმზე

ოთხშაბათს კატონის ინსტიტუტის მიერ ვაშინგტონში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას, მაგარამ იმავდროულად გულისტკივილით განიცდის იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, წერს ამერიკის ხმა. 
დისკუსიაზე ბერლინის კედლის დაცემის შემდგომ მსოფლიოში მომხდარი პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესების შესახებ იმსჯელეს. თავისი მმართველობის პერიოდზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობის ძალისხმევით საქართველო „შუასაუკუნეობრივი ინსტინქტების ბატონობისაგან" გათავისუფლდა: „ჩვენ რეფორმები დავიწყეთ და პრაქტიკულად არცერთ რჩევას ყური არ ვუგდეთ, რომლებსაც სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი გვაძლევდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ გიჟები ხართო. ჩვენ მხოლოდ ვთხოვეთ - გვაცალეთ ექვსი თვე და შედეგებს ნახავთ... და აი, როცა ნახევარი წელი გავიდა, ყველა წარმატებას გვილოცავდა, ასეთ მიღწევებს ჩვენგან არავინ ელოდა".
კატონის ინსტიტუტის მკვლევარებმა, თავის მხრივ, გამოაქვეყნეს მონაცემები, რომელთა თანახმად, საქართველომ ეკონომიკის თავისუფლების გლობალურ რეიტინგში მე-16 საპატიო ადგილი დაიკავა. წარმატებული პროექტების სახით მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა პოლიციის რეფორმა და ქართველი ახალგაზრდების დასაქმება მმართველ სტრუქტურებში: „ერთ-ერთი რჩევა, რომელიც მე შემიძლია ჩემს თანაკურსელ პეტრო პოროშენკოს მივცე, ის არის, რომ ხელისუფლების ორგანოებში 25 წლის ასაკის მქონე ბევრი ახალგაზრდა მიიყვანოს. საერთოდ, ჩემთვის წარმატების მთავარი კრიტერიუმი ჰორიზონტალური სოციალური მობილურობაა". მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ახალი მმართველი ძალის მოსვლის შემდეგ მთელ რიგ სფეროებში, სადაც ადრე რეფორმები წარმატებით გატარდა, უკუქცევითი პროცესები დაიწყო: „ყველაზე ბოლო პროექტი, რაც კი უკანასკნელ წლებში განხორციელდა, ეს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის დაარსებაა", - აღნიშნა მან.
დისკუსიის მსვლელობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა აგრეთვე მისი თანაგუნდელების სამართლებრივი დეევნის თაობაზე, რომლებიც რეფორმების გატარებაში მონაწილეობდნენ: „ამ ადამიანებს [შრომისა და ცხოვრების] აუტანელი პირობები შეუქმნეს, ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ ქვეყნიდან წასულიყვნენ. მათ გარკვეული ვალდებულებები ჰქონდათ აღებული ბანკების წინაშე - ზოგს კრედიტი ჰქონდა გამოტანილი, ზოგს მანქანა განვადებით, მაგრამ ხელისუფლებამ მხედველობაში არაფერი არ მიიღო", - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძეც, რომელმაც თქვა, რომ იგი კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილს და მასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. ამასთან, ელჩმა მოუწოდა ექს-პრეზიდენტს, რომ ნუ დამალავს და მიაჩუმათებს მისი მმართველობის პერიოდში მომხდარ მთელ რიგ არცთუ მთლად წარმატებულ ფაქტებს და წინასწარგანზრახულად მუქ ტონებში ნუ დახატავს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობას: „მინდა ამ ფონზე გაგახსენო ანდაზა - „რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის", - მიმართა არჩილ გეგეშიძემ მიხეილ სააკაშვილს. „ყოველ შემთხვევაში, ჩვენს დროს ის ბრწყინავდა", - უპასუხა ექს-პრეზიდეტმა.
ავტორი: . .