ქალაქ თბილისის მთავრობის დელეგაცია თბილისის მერის მოადგილის, გიორგი სოლომონიას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება. დელეგაცია სომხეთის დედაქალაქში, ერევნის დაარსებიდან 2796-ე წლისთავთან დაკავშირებით გაემგზავრა. დელეგაციის წევრები „ერევნობის" დღესასწაულის პროგრამით გათვალისწინებულ კულტურულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერის მოადგილე ერევნის მერს, ტარონ მარგარიანს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. ერევნის მერის განცხადებით, სომხური მხარისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება.
თავის მხრივ, გიორგი სოლომონიამ განაცხადა, რომ თბილისის მერიის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია სომეხ კოლეგებთან პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით. მისივე თქმით, ერევნის დაარსებიდან 2796-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქართული დელეგაციის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრობა ამის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ქალაქ თბილისის დელეგაციის ვიზიტი სომხეთის დედაქალაქში დღეს დასრულდება.