დღეს, 11 ოქტომბერს, საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე, კერძოდ უელსის სამიტის შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე სემინარი გაიმართება.
სემინარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გახსნის. თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმასა და საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ისაუბრებენ.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია, რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია, ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სიხარულიძე.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა მედია საშუალების 30 წარმომადგენელი მიიღებს. დასასრულს ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება, დაათვალიერონ საჩხერის სამთო მომზადების ბაზა.
მასალის გამოყენების პირობები