დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში გუშინ ღამით მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ხელნაკეთი ბომბი ავტომანქანა "ВАЗ-21" - ის სალონში გააქტიურდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა მანქანაში მჯდომი ორი და მძიმედ დაიჭრა ერთი ადამიანი.
მომხდარზე აღძრულია სისხხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში 3 ტერორისტული აქტი განხორციელდა: 29 მარტს აფეთქება მოხდა მოსკოვის მეტროში, დაიღუპა 39 ადამიანი, 31 მარტს ყიზლარში აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი და წუხელ მომხდარ აფეთქებას ხასავიურტის რაიონში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსკოვის მეტროში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო კავკასიელი მოჯაჰიდების ლიდერმა დოკუ უმაროვმა.