პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია, სადაც სასწავლებლისთვის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელის მინიჭების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცერემონიალის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ლიცეუმის პირად შემადგენლობას სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიმართეს და სასწავლებლისთვის გენერალ კვინიტაძის სახელის მინიჭება მიულოცეს.
,,დღეს ერთ-ერთი ამაღელვებელი დღეა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ჩვენ ვზეიმობთ იმას, რომ მომავალი ქართველი ოფიცრები იწყებენ ახალ სასწავლო წელს და ვზეიმობთ იმასც, რომ ეს სასწავლო დაწესებულება ამიერიდან ატარებს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი მამულიშვილის, გენერალ გიორგი კვინიტაძი სახელს. ეს დღე უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, კიდევ ერთი და სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯისა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, ჩვენი სამხედრო ძალების უკეთ მომზადებაში და განათლების სისტემის გაუმჯობესებაში. ეს არის დიდი პატივი რა თქმა უნდა თითოეული თქვენგანისთვის, რომ ბრძანდებოდეთ დღეს აქ, გერქვათ კადეტი, ემზადებოდეთ სამშობლოს დასაცავად და გენერალ კვინიტაძის სახელი იყოს თქვენი მეგზური ამ ძალიან მძიმე საქმეში. გისურვებთ დაუღალავ შრომას, იმიტომ რომ ბრძოლაში წარმატება მიიღწევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყანა და განსაკუთრებით მისი სამხედრო ძალები თავდაუზოგავად შრომობენ, შრომობონ სასწავლო დაწესებულებაში, შრომობენ სასწავლო პოლიგონებზე და თუ საჭიროა, შრომობენ ბრძოლის ველზე. თუ სამშობლოს დაცვამ მოითხოვა, ჩვენ, სწორედ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია. იმ გამოწვევების პირობებში, რომლის წინაშეც საქართველოა, გვჭირდება მრავალმხრივი მზაობა ქვეყნის და სამშობლოს დასაცავად. ჩვენ გვჭირდება შეიარაღებული ძალები, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დონეზეა მომზადებული, პირველ რიგში განათლების თვალსაზრისით, ტაქტიკური მომზადების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენივე სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის იმას, რომ კარგი იარაღით, თუნდაც კარგი მსროლელებით ფონს ვერ გავალთ", _განაცახდა უსუფასვილმა.
დავით უსუფაშვილმა და ირაკლი ალასანიამ საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის" მედლებით სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს.
საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რის შემდეგაც კადეტების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.