საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ვალერიუ ტროენკო ესტუმრა. მოლდოველ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა მოლდოვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, მოლდოვის თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. მოგვიანებით, ირაკლი ალასანია და ვალერიუ ტროენკო განცხადებებს გააკეთებენ.
დღესვე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ალექსი პეტრიაშვილთან. მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვალერიუ ტროენკო ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადას, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისსა" და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც მოინახულებს, ასევე, სამხედრო ქვედანაყოფების სტრუქტურას ადგილზე გაეცნობა.
მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები