თბილისი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ოპონენტების წინააღმდეგობრივი პოზიციის მიუხედავად პუშკინის ქუჩაზე აუცილებლად გაკეთდება ესტაკადა. როგორც მერმა საკითხის კომენტირებისას თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა ესტაკადის მშენებლობა განხორციელდება ისე რომ ის აღმოჩენილ ისტორიულ მემკვიდრეობას არ დააზიანებს.
,, აუცილებლად გაკეთდება იქ ესტაკადა რაოდენ წინააღმდეგები არ უნდა იყვნენ სხვადასხვა ჩვენი ოპონენტების ფლანგიდან, რადგან ეს სჭირდება ქალაქს. ის შემხებლობაში არ იქნება გათხრის შედეგად აღმოჩენილ მემკვიდრეობასთან, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, მას მემკვიდრეობის სტატუსი უკვე დაკარგული აქვს, რადგან ჩვენმა წინამორბედებმა მას ბეტონი დაასხეს", _განამარტა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა იგეგმება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" მერიიდან აცნობეს თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს, ავთანდილ სუდაძეს მოუსმინეს.
სამსახურის უფრომა საკრებულოს წევრებს უახლოეს მომავალში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრაზე ქალაქის სხვადასხვა უბანში დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები, ასევე, საბავშვო ბაღებისა და მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა კომისიის წევრებს ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩასასვლელი გზის გაფართოვებისა და პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საგზაო მოძრაობის აღსადგენად განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
ავთანდილ სუდაძის განცხადებით, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენით, კულტურული მემკვიდრეობის არცერთი ძეგლი, ისტორიული კედელი, შენობა და წარწერა არ დაზიანდება.
„ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ესტაკადის სტილის გადახურვა, ხოლო ძირითად ნაწილში იქნება მეტალოკონსტრუქციის ნაგებობა. ის სივრცე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ისევ იარსებებს და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ჩავიდეს და ქალაქის ეს ღირშესანიშნაობა დაათვალიეროს"- განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
მისი თქმით, განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს თბილისის ამ მონაკვეთზე საცობების განტვირთვას.