საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ დარჩიაშვილმა უკვე გამართა შეხვედრა ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის უმაღლეს მთავარსარდალთან გენერალ ჟან-პოლ პალომეროსთან. შეხვედრა ტალინში ბალტიის თავდაცვის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში შედგა. შეხვედრას ასევე, დაესწრო ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს უელსის სამიტის შედეგები და რეგიონალური უსაფრხოების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მხარდამჭერი ზომების იმპლემენტაციის პროცესში, ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის ჩართვის მნიშვნელობზე გამახვილდა.
გენერალმა პალომეროსმა მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მხარდამჭერი ზომების დროულად და ეფექტურად განხორციელების პროცესში. ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლობა, ნატოს წევრი ქვეყნების ეროვნული საწვრთნელი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ნატოს საგანმანათლებლო და საწვრთნელი პროგრამების დაგეგმვასა და იმპლემენტაციას ახორციელებს.
ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია მიხეილ დარჩიაშვილის შეხვედრები ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან სვენ საკოვთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კილიკე სელესტესთნ და ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან მარკო მიხელსონთან.