აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის დავალებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამეტის უფროსი კახა შაშიკაძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ყოფილი 53-ე და 25-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც თვითნებურად შეჭრილი მოსახლეობა ცხოვრობს.
მთავრობის წარმომადგენლები აქ მცხოვრებ ოჯახებს სტიქიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ. აჭარის მთავრობა, ასევე მზად არის აღნიშნულ ოჯახებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განმარტებით მოცემული პერიოდისათვის დასახლებულ ადგილას არ რეგისტრირდება გადამდები დაავადებების ერთეული ან ჯგუფური შემთხვევა, საჭიროების შემთხვევაში გატარდება პრევენციული ღონისძიებები.
დღესვე სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს აჭარის ფილიალის წარმოამდგენლებმა კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის ვარგისიანობის დასადგენად ჭაბურღილებიდან წყლის სინჯები აიღეს.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე დილიდანვე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ამ დროისათვის ტარიტორიაზე წყლისგან გაწმენდილია და ადგილობრივები შეუზღუდავად გადაადგილდებიან.
ყოფილი 53-ე და 25-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე მოსახლეობა თვითნებურად 2012 წელს შეიჭრა.