თბილისთან ახლოს მდებარე კრწანისის სასწავლო-საწრთვნელ ცენტრში თურქი, აზერბაიჯანელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული წრთვნები მიმდინარეობს. „წრთვნების მიზანია მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიულ ურთიერთქმედებას მილსადენების დაცვაში", - აცნობეს „კომერსანტს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და დააზუსტეს, რომ საკითხი პირველ რიგში ეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეც გადის.
ნახჭევანში ამასწინანდელი შეხვედრის დროს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ნავთობსადენის უკეთესად დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივ ძალისხმევაზე მოილაპარაკეს, მათ შორის ერთობლივი ბრიგადის შექმნის თაობაზეც. „კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო წრთვნები გაერთიანებული შეიარაღებული ქვედანაყოფის შექმნისაკენ მიმართული პირველი ნაბიჯია", - განმარტა სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარმა რედაქტორმა ირკალი ალადაშვილმა. მან არ გამორიცხა, რომ „აუცილებლობის შემთხვევაში ერთობლივი ბრიგადა მილსადენს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაიცავს". როგორც ექსპერტმა გაიხსენა, „ჯერ კიდევ 2001 წელს კრწანისში იგივე მიზნით ჩატარდა საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უკრაინის საარმიო ქვედანაყოფების სამხედრო წრთვნები". მისი თქმით, თუ საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტს მართლაც სტრატეგიული მილსადენების დაცვისათვის გამოიყენებენ, ამაში გასაკვირი არაფერია - 2008 წლის ომის დროს ნავთობსადენი რუსეთის შეტევის ობიექტი გახდა... ასე რომ, მის დასაცავად ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული ბრიგადის შექმნა სრულიად ლოგიკურია".
მასალის გამოყენების პირობები