საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი იმყოფება. ფრენკ ბოლანდი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესით (PARP) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში (ANP) თავდაცვის სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას.
"საქართველოში ორი მნიშვნელოვანი თემის განსახილველად ჩამოვედი. პირველი მიზანი საქართველოს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის შეფასება იყო, რომელსაც ორ წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ. მიმოვიხილეთ ჩვენი პარტნიორული მიზნების განხორციელების პროცესი, რომელიც გასულ წელს შევათანხმეთ. ყველა საკითხი დეტალურად განვიხილეთ და თქვენს მიერ მიღწეული შედეგებით კმაყოფილები ვართ. შემდგომი განხილვის პროცესი აღნიშნულ თემაზე უკვე ალიანსის წევრებთან ბრიუსელში ნოემბერში გაიმართება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი უკვე უელსის სამიტზე რამოდენიმე კვირის წინ მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმის განხილვა იყო. მთელი დღე ზემოთ აღნიშნული გეგმების განხილვაში გავატარეთ, რათა საბოლოო ფორმა მიგვეცა დოკუმენტისთვის. მინისტრთანაც სწორედ ეს თემები მიმოვიხილეთ. ამ საკითხების შესახებ ჩვენს კოლეგებთან უკვე სამი თვეა აქტიურად ვმუშაობთ. ჩემი აზრით, საკმაოდ ამბიციური, თუმცა რეალური გეგმები დავსახეთ და იმედია მომავალ თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე ჩვენს იდეებს ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა გაიზიარებს. ჩვენს მიერ შემუშავებული საკითხები, რომელიც საქართველოს შევთავაზეთ და სამიტის დეკლარაციაშიც აისახა, ბევრ სფეროს მოიცავს. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ და გავაუმჯობესებთ ურთიერთთავსებადობასა და თანამშრომლობას საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანს შორის." - განაცხადა ფრენკ ბოლანდმა.