პოლონეთის დელეგაცია აჭარის შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნის პროექტის ფარგლებში ბათუმს სტუმრობს. პოლონელებმა პროექტის მიმდინარე დეტალებზე სამუშაო შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართეს. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს აჭარის შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნის პროექტის სამოქმედო გეგმა. წინა ვიზიტის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დასაქმების სააგენტოს დაევალათ - ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმის და სხვა სფეროებიდან აჭარაში არსებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს აღნიშნული მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგია.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ერთიანი საინვესტიციო პორტალის შექმნა, რომლის მიზანია სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების აგრეგაცია. ეს იქნება აჭარის ობსერვატორიის ვებ-გვერდი (რეპოზიტორიუმის სახეობა), რომელიც აგროვებს და წარმოადგენს მონაცემებს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის მართვის თვალსაზრისით, ისევე ცენტრალური თვითმართველობის დონეზე.
გარდა აღნიშნულისა, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული "Pოლისჰ Aიდ 2014"-ის კონკურსში გამარჯვების შედეგად მოპოვებული გრანტის საფუძველზე, აჭარისა და მალოპოლსკას რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის რეგიონში მეწარმეობისა და შრომის ბაზრის მხარდაჭერის პროექტი 2014-2015 წლებში განხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს აჭარის დასაქმების ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნას. ასევე დასაქმების ბაზრისა და მეწარმეობის ხელშეწყობის სისტემის გენერალური გეგმის მომზადებას. პროექტის განხორციელებაში ჩართულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მალოპოლსკას რეგიონის მარშალის ოფისი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ბათუმის დასაქმების სააგენტო.
პროქტის ფარგლებში :
• მოხდება აჭარაში ეკონომიკური ცვლილებების პროგნოზირებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მოდელის შემუშავება.
• მომზადდება გზამკვლევი აჭარაში მეწარმეობისა და დასაქმების ბაზრის სისტემის ხელშეწყობის მექანიზმებისა და პროცესების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. შემუშავდება წინადადებები თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის ტრანსფერი სამინისტროებიდან და საჯარო ინსტიტუციებიდან ობსერვატორიაში.
• მეწარმეობისა და შრომის ბაზრის მხარდაჭერა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა, რამაც უნდა უზრუნველყოს აჭარის რეგიონისა და მისი საზოგადოების სწრაფი განვითარება.
პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების სტანდარტების ზრდაში.