საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მისმა უკრაინელმა კოლეგამ, გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ მუჟენკომ მიიწვია.
გენერალური შტაბის უფროსი საპატიო სტუმრის რანგში უკრაინაში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების "Rapid Trident 2014" საჩვენებელ წვრთნას დაესწრო. იავორივის საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში ბატალიონის დონის სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ოცეულიც იღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი უკრაინის თავდაცვის მინისტრს ვალერი გელეთეისაც შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.